სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია განიცდის არსებით ცვლილებებს 5G ქსელის განსავითარებლად, რათა დაკმაყოფილდეს არსებული და სწრაფად მზარდი მოთხოვნა. 5G ტექნოლოგიის საჭიროების უზრუნველსაყოფად გამოვიყენებთ უახლეს ქსელურ ტექნოლოგიებს, სერვისებს, ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების ტექნოლოგიებს. ეს ტექნოლოგიები დაგვაყენებს უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე 5G უსაფრთხოების სისტემებსა და მისი ფუნქციონირების საკითხში. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ზემოხსენებული სტრუქტურის კვლევა და პოტენციური გადაწყვეტილებების შეთავაზება, რაც მიგვიყვანს დაცულ 5G სისტემამდე. ამ პირობებში, აუცილებელია უმოკლეს დროში განისაზღვროს ახალი არქიტექტურა 5G და 6G ქსელებისათვის, რათა დაინერგოს ხელოვნურ ინტელექტზე/მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ალგორითმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ უმაღლესი დონის უსაფრთხოება საკომუნიკაციო, ინდუსტრიული, სამთავრობო და სხვა სექტორებისათვის, ზოგადად პროცესების უსაფრთხოება.
პროექტის მთავარი მიზანია ახალი 5G პლატფორმის განვითარება არსებული და მომავალი სანდოობის მოდელებისათვის, კრიპტოგრაფიული ალგორითმებისათვის, კრიტიკული ინფორმაციის გაუმჯობესებული უსაფრთხო ინფრასტრუქტურისათვის და ა.შ. ეს პლატფორმა გააერთიანებს მომხმარებელს, აპლიკაციას და ქსელის ოპერატორის უპირატესობებს, წესებსა და პარამეტრებს მომხმარებლის უმაღლესი დონის უსაფრთხოებისათვის, ქსელისა და აპლიკაციის პროვაიდერის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. ასევე, ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, თავიდან აგვარიდებს მომხმარებელსა და ოპერატორს შორის გაუგებრობას ქსელის უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხში, უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურად, დაცულად ჩართულობას. მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განსაზღვროს შეზღუდვები და/ან ნებართვები კავშირებისა და სერვისების ავტომატური მართვისათვის, საშუალებას აძლევს აპლიკაციების/სერვისების პროვაიდერებს შეუსაბამონ სერვისი მომხმარებლების უკეთესი გამოცდილებისთვის. ამავდროულად, საშუალებას აძლევს ოპერატორს აკონტროლოს მომხმარებლის მიერ ქსელის გამოყენება ოპტიმალური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ღირებულების გათვალისწინებით.
პროექტის ხელმძღვანელი - მაქსიმ იავიჩი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი.
პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის გამოყენებითი კვლევების (CARYS) საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში.
ხანგრძლივობა - 2 წელი, ბიუჯეტი - 204 330 ლარი.