სპერის, ბაიბურთისა და ლაზეთის როლი კარგადაა ცნობილი ისტორიაში, თუმცა, მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევის თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუსწავლელია. დღესდღეობით, ეს სამი რეგიონი 300-მდე ისტორიულ სოფელს მოიცავს, ხოლო, აქ არსებული ქართული კულტურის ძეგლებიდან მხოლოდ 30 ძეგლამდეა ცნობილი (სპერი 10-მდე; ბაიბურთი 0; ლაზეთი 20-მდე). კვლევითი ჯგუფის მიერ 2014-2016 წლებში განხორციელებულ ექსპედიციებამდე (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ხელშეკრულება 57/04, პროექტი მოიცავდა კოლა-არტანის, შავშეთ-კლარჯეთის და ტაოს კულტურის ძეგლების კვლევას) ცნობილი იყო 400-მდე ქართული კულტურის ძეგლი, ამ მეთოდით ექსპედიციების განხორციელებამ ძეგლების რაოდენობა 1200-მდე გაზარდა. შესაბამისად, ისტორიული სპერის, ბაიბურთისა და ლაზეთის ძეგლების სრული შესწავლა მოითხოვს ზემოაღნიშნული ტერიტორიის ყველა სოფლის დეტალურ კვლევას საექსპედიციო სამუშაოების ჩატარების მეშვეობით.
კატალოგი მასალის სისრულით უპრეცედენტო იქნება თურქეთში მდებარე ისტორიული საქართველოს ამ კუთხეების კვლევის ისტორიაში.
პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი თეიმურაზ ხუციშვილი.