„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში" - სამუშაო შეხვედრები

26 ივნისი 2021

 

 

                                            

 

კავკასიის უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) პროექტში - „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში". პროექტის მიზანია, უნივერსიტეტებმა უზრუნველყონ მესამე მისიის როლის გაძლიერება და გარდა ფუნდამენტური ფუნქციების (სწავლა-სწავლება, კვლევა) შესრულებისა, განახორციელონ საზოგადოებაზე დადებითი ზეგავლენის მქონე სხვა აქტივობებიც და ამ გზით წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტში მონაწილეობას იღებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი კვლევის და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის (ბუბა) ლეჟავა, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

 

მესამე მისიის პროექტთან დაკავშირებით, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა გამართა ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან: ათივე სკოლის დეკანთან, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორთან, მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, ფინანსურ დირექტორთან, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორთან, კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის უფროსთან და ტრენინგ-ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა განმარტა მესამე მისიის არსი, განიხილა მიმდინარე პროექტი და მისი მნიშვნელობა. მოწვეულმა სტუმრებმა კი ისაუბრეს მესამე მისიის ფარგლებში მათი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაგეგმილ და უკვე მიმდინარე პროექტებზე. შეხვედრების შედეგად შეიქმნა უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების ცხრილი (Pre-mapping chart) და გამოიყო აქტივობა, რომლის პილოტირებაც დაგეგმილია პროექტის მსვლელობისას. გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტუალურობის გაზრდას და რელევანტურობის გაუმჯობესებას. 

 

მესამე მისიის პროექტში კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია შვიდი ქართული და სამი ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭო EFMD (ბელგია).