CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე

22 დეკემბერი 2023

20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მეორე ნაკადი/Batch 2).

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.

  

10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე შვიდმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო მენტორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 

დემო დღეს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი გიორგი ბურდული უძღვებოდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის დარგში ირენა მელუამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და CBS Group-ის ფინანსურმა დირექტორმა და კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა თამარ გახარიამ.

 

სტარტაპერები დემო დღეზე  ინდუსტრიის ექსპერტებისა და ინვესტორების წინაშე საკუთარი იდეებით წარსდგნენ, ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს და პოტენციური პარტნიორები გაიცნეს.

 

დემო დღეზე წარმოდგენილი სტარტაპები:

 

Portico - ტვირთების ტრანსპორტირების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ამარტივებს ლოგისტიკურ პროცესებს;

 

EasyDine - კვების ობიექტების დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნახოთ მაგიდის ხედი 360 გრადუსით, გაეცნოთ მენიუს დეტალურად, შეუკვეთოთ და გადაიხადოთ წინასწარ;

Pet-IT – აპლიკაცია, რომელიც შინაური ცხოველების მფლობელებს სთავაზობს ცხოველების გასეირნების სერვისს და ქმნის საათობრივ სამუშაო შესაძლებლობას;

 

Alarmo - მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების მონიტორინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც ეხმარება კომპანიებს უზრუნველყონ პროდუქტის ხარისხი და მინიმუმამდე შეამცირონ დანაკარგი;

 

SAIT - უნივერსალური პლათფორმა, რომელზეც შესაძლებელია ყველა ტიპის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ბილეთის მოძიება, შედარება და ყიდვა;

 

TourTour - ტურების დაგეგმვის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, შეარჩიონ, შეადარონ და შეისყიდონ ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებული ტურისტული პაკეტები;

 

Be a Chef - აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნის რეცეპტებს თქვენს ხელთ არსებული ინგრედიენტების, ტექნიკის მიხედვით და ამცირებს საკვების დანახარჯებს.

 

ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, USMAC - ის გენერალურმა დირექტორმა კრის ბურიმ,  Cellfie Mobile-ის ციფრული მიმართულების და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ჯიქიამ  და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მეწარმეობის პროგრამის მენეჯერმა კერი სლეტერიმ გამოავლინეს გამარჯვებულები, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტმა და ღონისძიების მხარდამჭერებმა ჯილდოები გადასცეს.

 

  • პირველ ადგილზე გასულ სტარტაპს, Be a Chef- ს კავკასიის უნივერსიტეტმა და ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, სელფი მობაილმა, ფულადი ჯილდო 5000 ლარი გადასცეს. აღნიშნული გუნდი ღონისძიების მხარდამჭერმა Clevertone - მა 1000 ლარის ღირებულების მარკეტინგული მომსახურებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ სტარტაპს, ღონისძიების მხარდამჭერმა D BLOCK- მა, საერთო სამუშაო სივრცის 1 თვიანი აბონიმენტი გადასცა.
  • მეორე ადგილზე გასულ სტარტაპს,  Alarmo - ს, კავკასიის უნივერსიტეტისგან ფულადი ჯილდო, 2000 ლარი გადაეცა. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერმა, ავერსმა, Alarmo 3000 ლარით დააჯილდოვა, როგორც კომპანიის რჩეული სტარტაპი. ღონისძიების მხარდამჭერმა, Awork - მა, სტარტაპი დამატებით ფულადი ჯილდოთი, 1000 ლარით დააჯილდოვა, როგორც მისი რჩეული სტარტაპი.
  • მესამე ადგილზე გასულ სტარტაპს Portico -ს, კავკასიის უნივერსიტეტისგან ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცა.  

 

დემო დღის გენერალური სპონსორი გახლდათ ტელეკომუნიკაციების ოპერატორი სელფი მობაილი. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერდნენ: სტარტაპერი, ავერსი, ეფეს საქართველო, ევორქი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, US Market Access Center-ი (USMAC), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აქსელი, ჯანიანი, D BLOCK-ი და ქლევერტონი.