ნინო ცუცქირიძე
კავკასიის ბიზნესის სკოლა
ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
არ იქნება მართალი, თუ გეტყვით რომ გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიმეღო ორმაგი ხარისხის გაცვლით პროგრამაში, მოულოდნელი და სპონტანური იყო. პირველად პროგრამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გავიგე და კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს პროგრამა გახდა. ახლა კი, როცა უკვე მიზანს მივაღწიე და ჩემი ავსტრიული გამოცდილება ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროგრამამ ყველა მოლოდინი გაამართლა.
პროგრამისთვის მზადება თავიდანვე საინტერესო იყო. ჩარიცხვის შემდეგ საცხოვრებლის ძიების პროცესშიც ძალიან გამიმართლა და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ზემო ავსტრიის უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით კავკასიის უნივერსიტეტში ჩამოდიოდა სტუდენტი. ერთმანეთი კარგად გავიცანით და გადავწყვიტეთ პროგრამის განმავლობაში ჩვენი ოთახები გაგვეცვალა. ახლა სარა თბილისში ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ძალიან მოსწონს როგორც საქართველო, ასევე კავკასიის უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო გარემო.
რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ულამაზეს პატარა ქალაქ შტაიერში მდებარეობს და მთლიანად კონცენტრირებულია გლობალური გაყიდვებისა და B2B მარკეტინგის სფეროებზე. აღსანიშნავია, რომ სწავლა სრულიად დაფინანსებულია. გამომდინარე იქიდან, რომ FHOO გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია, სასწავლო პროგრამა მთლიანად ორიენტირებულია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე. ორმაგი ხარისხის სტუდენტებს შესაძლებლობა გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ პროექტში INNOCAMP 36. პროექტში მონაწილე გუნდებმა მივიღეთ რეალური დავალებები ავსტრიის წამყვანი კომპანიებისგან. დავალებების გადაწყვეტაზე კი მათ წარმომადგენლებთან ერთად გუნდურად ვმუშაობთ მთელი სემესტრის განმავლობაში, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოცდილებაა ყველა სტუდენტისთვის. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც პროგრამას ღირებულს ხდის არის ის, რომ უნივერსიტეტი გეხმარება ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასაქმდე მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით. რაც ყველაზე მთავარია, სპეციალურად ორმაგი ხარისხის სტუდენტებისთვის შედგენილი პროგრამის წყალობით მაქვს შესაძლებლობა კავკასიის უნივერსიტეტის პარალელურად მივიღო ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი.
თუმცა ჩემთვის ყველაზე ფასეული მაინც ის ახალი ურთიერთობებია, რომელიც ავსტრიაში ყოფნის პერიოდში დავამყარე. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ასამდე საერთაშორისო სტუდენტი ვსწავლობთ ოცდახუთზე მეტი ქვეყნიდან.
დამოუკიდებელი ცხოვრება, განსხვავებულ კულტურებთან ურთიერთობა და მოგზაურობა პიროვნულად ძალიან გზრდის, გაძლიერებს და ამავდროულად ძალიან ბევრს გასწავლის საკუთარი იდენტობის შესახებ.
ასე რომ, მინდა უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს გულწრფელად ვურჩიო, რომ ავსტრიაში ორმაგი ხარისხის პროგრამაში მონაწილეობის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათ ცხოვრებაში.“
ნიკა კოპალეიშვილი
კავკასიის ბიზნესის სკოლა
გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისადმინისტრირების
ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
,,დღითიდღე ვრწმუნდები, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. CU საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს საერთაშორისო პროგრამით შევიძინოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება.
ჩემი და გრენობლის ურთიერთობა ძალიან უცნაურად დაიწყო. უნივერსიტეტში თვალი მოვკარი GEM, Grenoble წარწერებს. დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ეს იყო უნივერსიტეტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით პატარა, მთიან ქალაქში. შემდგომში გავიგე, რომ CU-ისა და GEM-ს შორის არსებობდა ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა. ოჯახის წევრების მხარდაჭერით დღეს უკვე გრენობლში ვარ და საშუალება მაქვს მივიღო მაღალი ხარისხის განათლება საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. სწავლის პროცესი განსხვავებული და საინტერესოა, მორგებულია სტუდენტზე და მის მიერ დაგროვებული ცოდნის გამოყენებაზე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ამ ყოველივეში ახალ შესაძლებლობებს ვხედავ. მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფში დაახლოებით 15 სხვადასხვა ეროვნების ადამიანია გაერთიანებული და სწავლასთან ერთად საშუალება გვაქვს გავეცნოთ ერთმანეთის კულტურას და დავხვეწოთ კომუნიკაციის უნარები’.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობა გრენობლის მენეჯმენტის სკოლასთან 2004 წლიდან დაიწყო, პარტნიორობა გულისხმობს როგორც საბაკალავრო ,ისე სამაგისტრო საფეხურზე ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
ელენე ალადაშვილი
კავკასიის ბიზნესის სკოლა
Fairleigh Dickinson University, USA
როდესაც მთხოვეს რომ მოკლედ დამეწერა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით გატარებული ერთი წლის შესახებ, დავიბენი. შესაძლებელია მთელი წლის დაუჯერებელი და უნიკალური გამოცდილების ერთ მოკლე ტექსტში თავმოყრა? მეგობრებთან ერთად ვიყავი, როდესაც ფაირლეი დიკინსონის უნივერსიტეტისგან მივიღე მეილი, რომელშიც მატყობინებდნენ რომ მათ სასწავლებელში ჩავირიცხე. ეს შეგრძნება ნამდვილად აღმაფრთოვანებელი იყო, თუმცა გამგზავრების დღემდე ვერ ვიჯერებდი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება დაიწყო მსოფილოს ყველაზე საოცარ ქალაქში, ნიუ-იორკში ჩასვლით.
აქტიური ცხოვრების წესი, უამრავი შესაძლებლობის აღმოჩენა, მთელი მსოფლიოდან არაჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრა, სხვადასხვა შტატში მოგზაურობა, ფლორიდიდან დაწყებული კალიფორნიით დასრულებული, FDU-ში სწავლა, სასწავლო პრაქტიკებში მონაწილეობა, სატელევიზიო შოუებზე დასწრება და რეკლამირების ტექნიკის გათავისება, დამოუკიდებლობის შეგრძნების განცდა, ამ ყველაფერმა ძლიერ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ადამიანად მაქცია. ეს ყველაფერი და სხვა მრავალი, არასრული სიაა იმ გამოცდილებისა, რამაც შტატებში ცხოვრება დაუვიწყარი გახადა.
გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისათვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება ის დაბრკოლებები, რომელსაც ამ პერიოდში გადავაწყდი და თუ როგორ შევძელი მათთან გამკლავება. აშშ-ში ჩემი ყოფნის დროს, COVID ვირუსი ახალი აფეთქებული იყო, ამ ყველაფერთან გამკლავება კი ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ კომფორტის ზონიდან გამოსულს, საკუთარი მომავალი საკმაოდ გაურკვეველი მეჩვენებოდა, არ ვიცოდი რა იყო სწორი არჩევანი. მქონდა ორი ვარიანტი, მიმეტოვებინა ჩემი გეგმები აშშ-ში და საქართველოში დავბრუნებულიყავი, ან მიმეღო ეს მოცემულობა და უკეთესის იმედი მქონოდა, მე მეორე ვარჩიე. მიუხედავად რთული დღეებისა, რაც ხშირად მარადისობად მეჩვენებოდა, დრო საოცრად მალე გავიდა. აშშ-ში გატარებული თითოეული მომენტით კმაყოფილი ვარ.
აშშ-დან სახლში დაბრუნება აღსაწერად რთულია. ახლა განსხვავებული ადამიანი ვარ იმისგან, ვინც სამშობლოს დატოვებამდე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის გარდა მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოში გავატარე, მგონია რომ ჩემი გულის ნაწილი კვლავ იქ დარჩა, ვიცოდი რომ ის, რასაც უკან ვტოვებდი, მხოლოდ ქვეყანა არ არის, ეს ამაზე გაცილებით მეტი იყო. როდესაც თვალს გადავავლებ საოცარ მოგონებებს, ვნატრობ რომ კვლავ მქონდეს ამის გაკეთების საშუალება.
და ბოლოს, მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს, რომ ჩემი სურვილების ახდენაში დამეხმარა. მადლობა ფაირლეი დიკინსონის უნივერსიტეტს რომ მიმასპინძლა, ეს უპირობოდ გასაოცარი გამოცდილება იყო.
ანანო გუნია
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
Fairleigh Dickinson University, USA
გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ჩემი წასვლა სრულიად დაუგეგმავი და მოულოდნელი იყო. ერთ დღესაც, გამოცდების პერიოდში, უეცრად მომივიდა იდეა რომ მაგისტრატურის ბოლო კურსზე მყოფს, რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა, ეს კი ზუსტად ამერიკაში ჩემი ბოლო სემესტრის გატარებას ნიშნავდა. სწორედ იმ დროს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შანსს უნივერსიტეტი მთავაზობდა, იმავე დღეს დავიწყე საბუთების შეგროვება, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ ერთ დღეს თავში გაელვებული ეს აზრი „მოდი ამერიკაში წავალ“ თუ რამდენიმე თვეში რეალობად იქცეოდა.
გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად წასვლა სრულიად ახალი გამოცდილებაა, მითუმეტეს ამერიკაში. ამ ყველაფერს პანდემიაც დაემთხვა, კარანტინი, საზღვრების ჩაკეტვა... წინასწარ რომ მცოდნოდა ამ ყველაფრის შესახებ, მაინც წავიდოდი, იმდენად დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე. საკუთარ თავში ახალი უნარები და ახალი რესურსები აღმოვაჩინე, ყოველდღიუად გრძნობ, რომ არამარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც იზრდები და შემდეგ ეს ყველაფერი სასიამოვნო თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის განცდას გაძლევს.
ვფიქრობ, ყველა სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცდილებაა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
FH JOANNEUM University of Applied Sciences, Graz, Austria
ERNST MACH grant holder - ავსტრიის მთავრობის გრანტი
თეონა ცუცხვაშვილი
ავსტრიაში სასწავლებლად გამგზავრება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწვეტილება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აპლიკაციის პროცესი მარტივი არ ყოფილა თუმცა, არც ისეთი რთული როგორც წარმომედგინა. მთავარია მოინდომო და ბოლომდე დაიხარჯო როდესაც ამ საქმეს მოკიდებ ხელს. აპლიკაციაში დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხო მთელი გულით და ამომწურავად. რაც უფრო გულწრფელი ხარ, მით უფრო მაღალია შენი წარმატების შანსი.
აქაური სასწავლო გარემო არის საოცრად ჯანსაღი, კონკურენტრული და ამავდროულად მშვიდი. გვყავს უზომოდ კვალიფიციურ ლექტორები და ეს არ არის მხოლოდ სალექციო პროცესი, ეს ნამდვილი მუშაობა და გამოცდილების გაზიარებაა. და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ავსტრია საუკეთესო ადგილია სტუდენტური ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის. ვენიდან მხოლოდ 10 ევროდ შეგიძლია მოხვდე ევროპის ისეთ ქალაქებში როგორიცაა ვენეცია, ფლორენცია, ამსტერამი, პარიზი და მრავალი სხვა.