ქეთევან გრძელიძე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი პითონზე პროგრამირების მიმართულებით. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე კითხულობს ლექციებს: „ეთიკა ეროვნულ კიბერ უსაფრთხოებაში“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან ეროვნული და საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებს, მოწყობას, განვითარების ტენდენციებს, თავდასხმის ვექტორებს და სხვა.
იგი ასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი და ჩართულია უნივერსიტეტის ბაზაზე კვანტური ლაბორატორიის განვითარების, შესაბამისი სასწავლო და კვლევითი მოდულების შემუშავების პროექტში.
ქეთევანი ამასთანავე არის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პროექტების მენეჯერი, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ლექტორი. ასოციაციის ბაზაზე ის ასწავლის პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებას, ღია წყაროებში გამოძიებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კურსებს.
პრაქტიკული მიმართულებით ქეთევანი არის ინფორმაციული სისტემების აუდიტორი, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი.
2009-2013 წლებში ის სწავლობდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებისა და იაპონისტიკის მიმართულებით. 2014-2015 წლებში მან გააგრძელა სწავლა ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპული სწავლებების მიმართულებით. 2016 წელს ის ჩაირიცხა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე და 2018 წლიდან იკვლევს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კიბერ უსაფრთხოებას.
2016-2018 წლებში ის მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში. მისი უფლებამოსილების ფარგლებში ის ჩართული იყო სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო სერვის პროვაიდერებთან კომუნიკაციისა და მათგან ინფორმაციის მიღების პროცესში.
2019-2021 წლებში მან გაიარა კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაციის პროგრამა, რის შემდეგაც მიიღო სპეციალისტის წოდება და გახდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წევრი.
ქეთევანს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი როგორც კიბერ უსაფრთხოების (5G ქსელისა, ხელოვნური ინტელექტის და ვებ უსაფრთხოების მიმართულებით), ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თეორიების მიმართულებით.
