ახალი ერთობლივი პროგრამების პრეზენტაცია

26 ოქტომბერი 2026

26-27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ამერიკის ქეინის უნივერსიტეტის (Kean University, ნიუ-ჯერსი, აშშ) წარმომადგენლები ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ახალი პროგრამების პრეზენტაცია, რომლის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტისა და ქეინის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობების გაცნობა.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და ქეინის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სამწლიან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამებზე ისწავლონ, მიიღონ ქართული და ამერიკული განათლება და ორი დიპლომი მოიპოვონ. პროგრამების ფარგლებში სტუდენტები პირველ ორ წელს კავკასიის უნივერსიტეტში ატარებენ, მესამე წელს კი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქეინის უნივერსიტეტის კამპუსზე აგრძელებენ.

 

უნივერსიტეტები ამ ეტაპზე ხუთ ერთობლივ პროგრამას ახორციელებენ:

 

  • ბიზნეს ანალიტიკა და მონაცემთა მეცნიერება;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • მედია ხელოვნება;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა;
  • ფსიქოლოგია.

 

აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნონ ამერიკულ აკადემიურ გარემოს და შექმნან მყარი საფუძველი საერთაშორისო კარიერისთვის.

 

საინფორმაციო შეხვედრას ქეინის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან:

 

დევიდ ბერდსელი, Ph.D. - ქეინის პროვოსტი და აკადემიურ საკითხებში უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკული მედიის ცნობილი ექსპერტი და აშშ-ის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიის წევრი.

 

ქეით გალაჰერი - უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სტუდენტური გამოცდილების მიმართულებით, რომელიც ხელმძღვანელობს სტიპენდიების, ფინანსური დახმარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებს.

 

ქეინი ნიუ-ჯერსის წამყვანი საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც მაღალი ხარისხის განათლებაზეა ორიენტირებული. 2025 წელს ქეინმა R2 კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. ეს სტატუსი აშშ-ში მაღალი კვლევითი აქტივობის მქონე უნივერსიტეტებს ენიჭებათ. უნივერსიტეტს რამდენიმე კამპუსი აქვს, მათ შორის ახლად შექმნილი Kean Jersey City, ასევე კვლევითი პარტნიორობები ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში.

 

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ქეინის უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია ერთობლივი პროგრამების შექმნისა და განვითარების შესახებ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და გაეცნონ ამერიკაში სწავლის, სტუდენტური ცხოვრების, ფინანსური მხარდაჭერისა და საერთაშორისო კარიერის შესაძლებლობებს.

 

ღონისძიება განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

 

შეხვედრის დეტალები:

 

  • თარიღი: 27 ოქტომბერი
  • დრო: 18:00 საათი
  • ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი

 

კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან დააკავშირებს და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

 

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.