კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან

23 აპრილი 2026

22 აპრილს, Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs – „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროს ნატა სულთანიშვილს,   პროდუქტის განვითარების სპეციალისტ ნათია ანდღულაძესა და კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აფილირებულ ასისტენტ პროფესორ ნატო რობიტაშვილს შორის.

 

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე, იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცესა და შრომის ბაზარს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს მწვანე ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, დაცული ტერიტორიების როლზე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაში, ასევე იმ კომპეტენციებსა და პრაქტიკულ უნარებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის მომავალი სპეციალისტებისთვის.

 

შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ითვალისწინებს აკადემიური რესურსის მხარდაჭერას დაცული ტერიტორიების კვლევისა და ინტერპრეტაციის პროცესში, ერთობლივი ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვას, ასევე პროექტის ფარგლებში შექმნილი მწვანე ტურიზმის ჰაბის საქმიანობაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობას.