ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის “უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ზუგდიდში

21 ოქტომბერი 2021

18-20 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრაში პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონული ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა, მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი თამთა ბუთხუზი და მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი მერი ხვიჩია.

 

 შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის პირველი ეტაპის აქტივობები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების სტრატეგიულ გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

 

 პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა. რეგიონული უნივერსიტეტის რექტორებმა განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსებისა და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.

 

 პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

 პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს