კავკასიის უნივერსიტეტმა SI Academy for Young Professionals-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრასა და კონფერენციას უმასპინძლა

24 ნოემბერი 2026

2-4 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შვედეთის ინსტიტუტის (Swedish Institute) პროგრამის SI Academy for Young Professionals ფარგლებში განხორციელებული მოდულის - Cooperation beyond Borders - Transnational Public Administration and Organising (“საზღვრებს მიღმა თანამშრომლობა - ტრანსნაციონალური საჯარო მმართველობა და ორგანიზაციული საქმიანობა) - სამუშაო შეხვედრა, სასწავლო ვიზიტები და კონფერენცია გაიმართა.

 

2 ნოემბერს გამართული სამუშაო შეხვედრა პროექტებზე მუშაობას დაეთმო. 3 ნოემბერს მონაწილეებმა სასწავლო ვიზიტები განახორციელეს ორგანიზაციაში: Innovative Education Foundation, CENN და WEG (World Experience for Georgia). ვიზიტების ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ორგანიზაციების საქმიანობას, გამოცდილებასა და მიმდინარე ინიციატივებს.

 

პროგრამის დასკვნითი ღონისძიება 4 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელიც ტრანსნაციონალური თანამშრომლობისა და საჯარო მმართველობის საკითხებს დაეთმო.

 

კონფერენციაზე მთავარი მოხსენებით წარსდგა ნინო დოლიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი თანამშრომლობის საკითხები საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის კონტექსტში მიმოიხილა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა SAYP TPAO-ის კურსდამთავრებულთა - ლანა მამფორიას, დიანა იეზეკიანის, ნიკოლოზ ესიტაშვილის, ანა ჰაიროიანის და ვანიკ ვარდანიანის პრეზენტაციები.

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე მოხდა ორი ერთობლივი პროექტის წარდგენა. პროექტები შეეხებოდა კლიმატურ მდგრადობას, მიწის მდგრად გამოყენებასა და ენერგეტიკულ ტრანზიციას სომხეთსა და საქართველოში, ასევე საზღვრისპირა კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი მარშრუტების განვითარებას საქართველოში და აზერბაიჯანში.

 

SI Academy for Young Professionals მიზნად ისახავს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. მოდული განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონული იდენტობა, საერთაშორისო რეგულაციები, პარტნიორებს შორის მიზნების თანხვედრა და ორგანიზაციული რესურსები.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის Södertörn University-ისა და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პარტნიორობით.