ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ვიზიტი ტურკუში, ფინეთი

10 დეკემბერი 2022

 

 

21-26 ნოემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, პროექტის ქართველ პარტნიორებს ტურკუს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, შეხვედრებს ესწრებოდა პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, აკაკი კაპანაძე.

 

ვიზიტის ფარგლებში, ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტში ჩართულ ქართველ პარტნიორებს გაუზიარეს ინფორმაცია ტურკუს უნივერსიტეტის ხედვების შესახებ სამეწარმეო უნივერსიტეტის ცნებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მესამე მისიის ფარგლებში ტურკუს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პროექტის პარტნიორები ასევე ეწვივნენ ტურკუს უნივერსიტეტში მოქმედ ცენტრებს და სპეციალურ განყოფილებებს, როგორიცაა ტერიტორიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (Areal Research and Development Centre). ცენტრის დირექტორმა ტიმო ჰალტუნენმა მხარეებს წარუდგინა პრეზენტაცია ცენტრში მოქმედი მესამე მისიის სტრატეგიების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარტნიორები ასევე დაესწრნენ ვორქშოპებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მესამე მისია სტრატეგიულ დონეზე ტურკუს უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის თანამშრომლობა მედია ინდუსტრიებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან და ტურკუს უნივერსიტეტის გამოცდილება და დაკვირვებები ამ მიმართულებით.

 

პროექტ SQUARE-ის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 

პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.