კონფერენცია Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“

7 მარტი 2023

 

 

 

 კონფერენცია-Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“

 

6-7 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა  მელუა, ვიცე პრეზიდენტი სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის მიმართულებით - ბორის ლეჟავა და სხვა წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე, ქართულმა უნივერსიტეტებმა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული უნივერსიტეტების „მესამე მისიის‘‘ სტრატეგიული განვითარების ხედვა და გეგმები წარადგინეს. თავის მხრივ, ევროპელმა კოლეგებმა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ფინეთიდან მონაწილეებს უნივერსიტეტის „მესამე მისიის‘‘ გაძლიერების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა არა მხოლოდ პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებს, არამედ საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰქონდა.

 

8 მარტს, პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა პროექტის კონსორციუმის წევრების შეხვედრა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე ქართველმა და ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს  პროექტის მიმდინარეობის პროგრესი და დასახეს სამომავლო გეგმები.

 

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელების და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას ტოპ-მენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და გაზრდიან მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.