26 მარტს, „ილიას ხუთშაბათების“ ფარგლებში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია თემაზე: "მამის ფუნქცია და ადგილი ფსიქოანალიზში - სოციო-კულტურული და ფსიქიკური მნიშვნელობები კლასიკურ თეორიაში ფროიდთან და საქართველოში დღეს".
ლექცია წაიკითხა გიგა მამინაშვილმა, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორმა (Université Paris VII Denis Diderot), კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ასოციაცია "ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის" პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო: ფროიდი, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პატრიარქატის დემონტაჟში ამავე დროს მამის ფუნქციასა და ადგილს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოანალიტიკურ თეორიასა და პრაქტიკაში. მამის ურთულესი საკითხი მთელ მის შემოქმედებას წითელი ხაზივით გასდევს, დაწყებული იოზეფ ბრეიერთან ერთად განხორციელებული პირველი კვლევებით ისტერიაზე, სადაც რეალური მამა წარმოდგენილია, როგორც ცდუნების აგენტი და ინცესტუალური ობიექტი, დამთავრებული 1938 წლის ნაშრომით "კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია", სადაც, ისევე როგორც "ტოტემში და ტაბუში" ცენტრალურ ფიგურას მოკლული და სიმბოლური მამა წარმოადგენს, რომ არაფერი ვთქვათ პატარა ოიდიპოსის მამის წარმოსახვით ვერსიებზე, სადაც მამა ვერაგი, მსახვრალი და კასტრატორია განასახიერებს რა პატარა ბიჭის ცხოვრებაში ნომერ პირველი მეტოქეს, სიძულვილის, სიყვარულისა და იდეალიზაციის ობიექტს ერთდროულად; ობიექტს, რომლის გზიდან ჩამოცილებასაც ბერძნული ტრაგედიის უდანაშაულო და ამავე დროს მამის მკვლელი გმირი ენერგიულად ცდილობს, გმირი რომელიც დედასთან სარეცელს იყოფს და საკუთარი ხელით ითხრის თვალებს ჩადენილი დანაშაულისათვის.
