23–24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრისა და არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი რუბენ ტოპჩიანი.
ოფიციალური ვიზიტი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი მარიამ მენაბდე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციური განვითარების მიმართულებები, საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები და ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა უმაღლეს განათლებაში.
ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი როგორც სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრთან, ისე არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო აკადემიურ კავშირებს სომხეთში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. როგორც მოგეხსენებათ, კავკასიის უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც არქიტექტურის პროგრამებისთვის მოპოვებული აქვს RIBA-ს ვალიდაცია. ამასთანავე, სკოლის დეკანი მარიამ მენაბდე ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელია. შესაბამისად, შეხვედრები უშუალოდ ამ მიმართულებით წარიმართა, ვინაიდან არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი აღნიშნული აკრედიტაციის მოპოვებას გეგმავს.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში პროგრამების ხელმძღვანელებმა გვანცა ხელაძემ და ნინო ფიცხელაურმა განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები, აგრეთვე დისკუსია გაიმართა RIBA-ს ვალიდაციასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე.
სამუშაო ვიზიტი გაგრძელდა საერთაშორისო აკრედიტაციის ოფისის ხელმძღვანელთან, მაია გელაშვილთან შეხვედრით, სადაც ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესებზე და უნივერსიტეტის გამოცდილებაზე ამ მიმართულებით.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ სტუდენტებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები სწავლებისა და სწავლის მეთოდების შესახებ და დაესწრნენ სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში შესრულებული პროექტები.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან, ალი რაჩიდთან და სოფო ბეგაშვილთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა გაცვალეს სწავლების მეთოდოლოგიები და პედაგოგიური მიდგომები.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის აუდიტორიები, სტუდიები და სხვა მნიშვნელოვანი სასწავლო სივრცეები.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, აკადემიური ხარისხის ამაღლებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.
