პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 ნოემბერი 2023

20-24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებს: იოლიტა ვარიაკოიენეს, კაუნასის უმაღლესი სასწავლებლიდან და მაიკლ მაკდუგლს, LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლექტორებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

აღნიშნულ პროფესორებს ასევე უმასპინძლეს კავკასიის სახელმწიფო მართვისა და კავკასიის ტურიზმის სკოლებმა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სალექციო საათები და საჯარო ლექციები კავკასიის უნივერსიტეტის ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისათვის, ამავე სკოლების პროფესორების - სერგი კაპანაძისა და ხათუნა მურჯიკნელის მონაწილეობით.

 

კაუნასის უმაღლესი სასწავლებელი და LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორები არიან.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.