წიგნის პრეზენტაცია: „ვორონცოვის კულტურის პოლიტიკა: “ევროპეიზაციის“ რუსული გეგმა საქართველოში“

12 ნოემბერი 2026

9 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში, დაფინანსებული კვლევის ავტორებთან ნანა შარიქაძე - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოც. პროფ; ეკა კიკნაძე - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. თემაზე - „ვორონცოვის კულტურის პოლიტიკა: “ევროპეიზაციის“ რუსული გეგმა საქართველოში“.

 

მონოგრაფია ეძღვნება მიხეილ ვორონცოვის მმართველობის პერიოდს საქართველოში და იკვლევს XIX საუკუნის შუა ხანების კულტურულ გარდაქმნებს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის კონტექსტში. თეატრი და ოპერა, პრესა და განათლება, რელიგიური და სალონური სივრცეები, ქალაქის გარემო და ვიზუალური კულტურა არა მხოლოდ მოდერნიზაციასა და ევროპული კულტურის გავრცელებას უკავშირდებოდა, არამედ იმპერიული პოლიტიკისა და მმართველობის იარაღიც იყო.

 

მონოგრაფია ამ პროცესებს კოლონიური და პოსტკოლონიური კვლევების პერსპექტივიდან განიხილავს, აანალიზებს მათ ეპისტემურ, ინსტიტუციურ და სივრცით განზომილებებს და სვამს კითხვას: როგორ შეიძლება კულტურა ერთდროულად ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს და ემსახურებოდეს პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასა და იმპერიულ ინტეგრაციას.