26 აპრილს, ლიეტუვის მწერალთა კავშირში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ (ავტორი მარიამ მანჯგალაძე) ფარგლებში, შედგა ქართული კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასი საკვირაო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. მარიამ მანჯგალაძემ მსმენელებს მოუთხრო კავკასიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობის, ქართველთა თვითმყოფადობისა და ქართული ენის ისტორიის შესახებ.
კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასს გაუძღვა „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ დირექტორი ნესტან ბაგაური და კალიგრაფი ანა გოქაძე.
მასტერკლასის მონაწილეებმა იმოგზაურეს ქართული კალიგრაფიის ხელოვნების სამყაროში. დასაწერად შეირჩა სიტყვა „საქართველო“. ნიმუშები შეიქმნა XVII-XVIII საუკუნეების „ვეფხისტყაოსნის“ კალიგრაფიული მხედრულით, ხოლო საზედაო ასო "ს" და ორნამენტები ვაზის თემატიკაზე - უძველესი ხელნაწერების ესთეტიკით დამშვენდა...
უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიისა და ვილნიუსის უნივერიტეტის, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციისა და ლიეტუვის მწერალთა კავშირის თანამშრომლობით, ქართული კალიგრაფიის არაჩვეულებრივი ნამუშევრები პირველად შეიქმნა ვილნიუსში. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიება გაიმართა კავკასიის და ვილნიუსის უნივერიტეტების ორანიზებით. მხარდამჭერები არიან: ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია, ლიეტუვის მწერალთა კავშირი და გამომცემლობა „ინტელექტი“.
აღსანიშნავია, რომ პროექტი - მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ 10 წლის წინ სწორედ ვილნიუსის უნივერსიტეტში დაფუძნდა.
