კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) 2026 წლის ნახევარწლიურ კონფერენციაში, რომელიც 19-21 ნოემბერს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, Daffodil International University-ის (DIU) მასპინძლობით გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო „უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია მდგრადი, ინოვაციური და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული მომავლისთვის“.
ღონისძიება, რომელიც IAUP-ის ისტორიაში პირველად გაიმართა სამხრეთ აზიაში, მსოფლიოს 100-ზე მეტი უნივერსიტეტის 200-ზე მეტ წარმომადგენელს – პრეზიდენტებს, რექტორებსა და უმაღლესი განათლების სფეროს ლიდერებს აერთიანებდა.
კონფერენციის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „გლობალური ლიდერების დიალოგი: უნივერსიტეტების მომავალი – ტრადიციული ინსტიტუციებიდან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ეკოსისტემებამდე“.
პანელური დისკუსიისას განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა უმაღლეს განათლებაზე, უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები, სწავლა-სწავლების ინოვაციური მოდელები და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების როლი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც განიხილეს არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ასევე, კონფერენციის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ნეპალის, ბანგლადეშისა და კოტ-დ’ივუარის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მემორანდუმები მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტების როლს მდგრადი განვითარების, ინოვაციების, მეწარმეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.
