კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მენდელის უნივერსიტეტში, ჩეხეთის რესპუბლიკა

8 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით  მენდელის უნივერსიტეტს ეწვივნენ (ბრნო, ჩეხეთი).

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით,  მარტინა რაშტიცოვასთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელთან,  ლუკაშ კალასთან. შეხვედრების მთავარი თემა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.

 

მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი კვლევითი ინიციატივების, საერთაშორისო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

ვიზიტისას გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის: ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, მასპინძლობა, ღვინის კვლევები და გასტრონომიასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კვლევა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის, კულტურის, მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარების ინტერდისციპლინურ მიდგომებზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ GastroTour-ის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში. ერაზმუს+ პროექტი GastroTour ორიენტირებულია გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით განათლებასა და განვითარებაზე.

 

დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩეხური ღვინის ტრადიციებს, გასტრონომიულ კულტურას და ტურიზმის განვითარების პრაქტიკებს, განსაკუთრებით სამხრეთ მორავიის რეგიონში, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ღვინის კულტურითა და კულინარიული ტურიზმის პოტენციალით.

 

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრას, დისკუსიას, სასწავლო ექსკურსიასა და პროფესიულ აქტივობებს, რომლებიც დაკავშირებული იყო გასტრონომიულ ტურიზმსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო პრაქტიკებთან. განხილულ თემებს შორის იყო საგანმანათლებლო ღვინის მარშრუტები, ტურიზმის ინოვაციური მიდგომები და  სასწავლო პლატფორმების განვითარება.

 

კავკასიის ტურიზმის სკოლის წარმომადგენლები, ლექტორები ნინო თიგიშვილი და ნატო რობიტაშვილი, ასევე მონაწილეობდნენ GastroTour-ის სასწავლო ვიზიტსა და ტრენინგ აქტივობებში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის სასწავლო მოდულებისა და საგანმანათლებლო მასალების შემუშავების პროცესში კავკასიის უნივერსიტეტის სახელით. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის განათლების ინტერნაციონალიზაციასა და მოდერნიზაციას.

 

ვიზიტმა კიდევ უფრო გააძლიერა პარტნიორობა კავკასიის უნივერსიტეტსა და მენდელის უნივერსიტეტს შორის და შექმნა ახალი შესაძლებლობები სამომავლო აკადემიური, კვლევითი და საერთაშორისო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის.