29-30 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია - „კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“, რომელიც ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენცია მიეძღვნა ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი, ინსტიტუციური და დემოკრატიული ასპექტების განხილვას კანდიდატი ქვეყნების პერსპექტივიდან და მასში მონაწილეობდნენ 7 ქვეყნის 18 უნივერსიტეტის 47 წარმომადგენელი - პროფესორები, მკვლევრები და ექსპერტები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა - გურანდა ჭელიძემ და ლევან მოსახლიშვილმა. მათ კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე აკადემიური მოხსენებები წარადგინეს.
კავკასიის უნივერსიტეტისა და ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორმა გურანდა ჭელიძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე - „საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა: პროგრესი და გამოწვევები ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში (2023-2025)“.
პროფესორმა ლევან მოსახლიშვილმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე - „კანონიერი მოლოდინის პრინციპი ევროკავშირის ადმინისტრაციულ სამართალში და მისი დაახლოება ქართულ სამართალთან“.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტების ეროვნულ სამართლებრივ სისტემებთან დაახლოების, დემოკრატიული მმართველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადმინისტრაციული სამართლის თანამედროვე გამოწვევების განხილვას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ევროპული ინტეგრაციის კვლევით და საგანმანათლებლო პროცესებში.
