29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და NIBES-ის მმართველი საბჭოს წევრმა, ირენა მელუამ, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) 30-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
წლევანდელი შეხვედრა NIBES-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და სხვადასხვა ქვეყნის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები გააერთიანა. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, NIBES-ის წევრმა უნივერსიტეტებმა ხელი მოაწერეს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთგულების დეკლარაციას (30th Anniversary Commitment Document), რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქსელის საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და სამომავლო განვითარების მხარდაჭერა. დეკლარაციას კავკასიის უნივერსიტეტის სახელით ხელი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მოაწერა.
შეხვედრას დანიის სამხრეთის უნივერსიტეტმა (University of Southern Denmark) უმასპინძლა ქალაქ ოდენსეში. პროგრამა მოიცავდა ოფიციალურ შეხვედრებს, პარტნიორი უნივერსიტეტების საქმიანობის განახლებებს, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვასა და საიუბილეო ღონისძიებებს. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს NIBES-ის ისტორიისა და ღირებულებებისადმი მიძღვნილი მოხსენებები, დაესწრნენ NIBES-ის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დაჯილდოების ცერემონიასა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებს, რომლებიც ქსელის ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა.
შეხვედრის ფარგლებში NIBES-ის წევრებმა ასევე განიხილეს ესპანეთის უნივერსიტეტის CUNEF Universidad-ის წევრობის განაცხადი, რომელიც ერთხმად დამტკიცდა და უნივერსიტეტი ოფიციალურად შეუერთდა ქსელს.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს NIBES-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის აკადემიური თანამშრომლობის, ინტერნაციონალიზაციის, სამეცნიერო კვლევების, ადმინისტრაციული თანამშრომლობისა და ქსელის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებით. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართა NIBES World Café, პარტნიორი უნივერსიტეტების პრეზენტაციები და დისკუსია 2028 წლის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი უნივერსიტეტის შერჩევასთან დაკავშირებით.
NIBES-ის ყოველწლიურ შეხვედრაში კავკასიის უნივერსიტეტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების, გლობალური აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებისა მიმართ.
აღსანიშნავია, რომ NIBES წარმოადგენს საერთაშორისო ქსელს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლებს აერთიანებს და ხელს უწყობს წევრ ინსტიტუციებს შორის აკადემიური თანამშრომლობის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას.
