24-25 ნოემბერს, კავკასიის ტურიზმის სკოლის აფილირებული პროფესორი გიორგი ბრეგაძე, უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის (Green Tourism Hub) კოორდინატორის რანგში, Tourister 2026-ის სამიტს დაესწრო.
Tourister საქართველოს წამყვანი B2B პლატფორმაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, რომელიც ყოველწლიური მასშტაბური სამიტისა და მუდმივმოქმედი პროფესიული ქსელის მეშვეობით აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ბრენდებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ინოვატორებს.
სამიტის ფარგლებში გიორგი ბრეგაძემ, ფასილიტატორის რანგში, ასევე წარმართა Tourister-ის ქვეღონისძიება - რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებისადმი მიძღვნილი ვორკშოპი. ღონისძიების მიზანს სამხრეთ კავკასიის ტურისტულ ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, საერთო გამოწვევების განხილვა და ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობების გამოვლენა წარმოადგენდა.
სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მწვანე ტურიზმის ჰაბისთვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან პროფესიული კავშირების დასამყარებლად. პოტენციური თანამშრომლობის საკითხებზე კომუნიკაცია შედგა სასტუმროების, ტუროპერატორების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების სხვა მიმწოდებელთა წარმომადგენლებთან.
კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბი ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ENRICHER-HUBS ფარგლებში შეიქმნა. ჰაბის მიზანია მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აკადემიურ სექტორსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერა და სექტორის პროფესიული შესაძლებლობების განვითარება.
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ჰაბის პარტნიორული ქსელის გაფართოებას და ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
