კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, პროფესორი ბორის (ბუბა) ლეჟავა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ბიზნეს საბჭოს (GBC) თავმჯდომარედ აირჩიეს. არჩევნები საბჭოს ყოველწლიურ საერთო კრებაზე გაიმართა, სადაც მან მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც წარადგინა.
ბორის ლეჟავა ბიზნეს საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელია და მანამდე თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საბჭო 2024 წელს დუბაის სავაჭრო პალატის ეგიდით შეიქმნა. მისი საქმიანობა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.
საბჭოს მისიაა ქართულ და საამიროების კომპანიებს შორის პარტნიორობის განვითარება, ახალ ბაზრებზე შესვლისა და საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, საბჭო თანამშრომლობს დუბაის სავაჭრო პალატასთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, აკავშირებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს და მართავს შეხვედრებს საქმიანი ურთიერთობების გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მის ბოლო ინიციატივებს შორისაა გამოფენა Gulfood-ზე ქართველი ექსპორტიორების შეხვედრები საამიროების შემსყიდველებთან, დუბაიში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა და მეწარმეებისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების დამაკავშირებელი ღონისძიებები.
