CMS-ის ლექტორი მაკა ლომაია ორ საერთაშორისო კონფერენციაზე

28 მაისი 2026

2-5 მაისს, საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ, მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ქალაქ თბილისში გაიმართა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV საიუბილეო ეროვნული კონგრესი. კონგრესის ფარგლებში, განხილული იქნა ალერგოლოგიის, კლინიკური იმუნოლოგიის, დერმატოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიისა და პულმონოლოგიის თანამედროვე მიღწევები, ასევე არსებული კლინიკური და სამეცნიერო გამოწვევები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები, ექიმები, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა მარიამ ლომაიამ კონგრესზე წარადგინა მოხსენება იშვიათი სინდრომების ოტორინოლარინგოლოგიური მანიფესტაციების შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა ორი კლინიკური შემთხვევის ანალიზს. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეგენერის გრანულომატოზისა და ალპორტის სინდრომის ადრეულ დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას ოტორინოლარინგოლოგიური ნიშნების კონტექსტში. ნაშრომმა წარმოაჩინა მულტიდისციპლინური მიდგომის როლი პაციენტთა მართვაში და დაავადების პროგნოზის გაუმჯობესებაში.

 

გარდა ამისა, 2026 წლის 25–26 აპრილს ჩატარდა ს. ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის I სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ოტორინოლარინგოლოგები. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დარგის თანამედროვე მიღწევები და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები.

 

აღნიშნულ კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა მარიამ ლომაიამ, ასევე, წარადგინა მოხსენება ოტოლარინგოლოგიის კლინკური და ყურადსაღები დაავადებების შესახებ,  რომელიც მოიცავდა პრაქტიკაში არსებულ კლინიკურ შემთხვევებს და მათ დიაგნოსტიკურ-სამკურნალო თავისებურებებს. პარალელურად, იგი აქტიურად მონაწილეობდა სესიების მოდერირებაში, რაც გულისხმობდა სამეცნიერო დისკუსიების მართვას, სპიკერებს შორის კოორდინაციას და აუდიტორიასთან ინტერაქციის უზრუნველყოფას.

 

წარმოდგენილი აქტივობები ხაზს უსვამს იშვიათი დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას ოტორინოლარინგოლოგიაში და მულტიდისციპლინური თანამშრომლობის აუცილებლობას თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში.