ხათუნა ბურკაძემ ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში ხელოვნურ ინტელექტზე ლექცია წაიკითხა

8 ივლისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ  ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ლექცია წაიკითხა. მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეტაპებზე, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებსა და AI-ის ინსტრუმენტებზე, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავდაცვითი მიზნების ეფექტიან და დროულ განხორციელებაში. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

 

პროფესორმა, დოქტორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მზარდი ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, იცვლება სამხედრო ოპერაციების განხორციელების მიდგომები და ინსტრუმენტები. ხელოვნური ინტელექტი (AI) თავდაცვის სფეროს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს აჩქარებს და ცვლის ტრადიციულ მეთოდებს. AI-ის სისტემები გვთავაზობს ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სამხედრო მისიების სტრატეგიული და ოპერატიული ეფექტიანობის განსამტკიცებლად."

 

„ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია მთელი რიგი, მათ შორის კომპლექსური ამოცანების დროულად განხორციელება როგორც მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვების, ასევე დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავების გზით. AI-ზე დაფუძნებულ  სისტემებს შეუძლიათ  სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვა მიუხედავად გეოგრაფიული თუ სხვა ტიპის სირთულისა და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის უზრუნველყონ რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული სიტუაციური ანალიზი, რაც სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, თავდაცვის არქიტექტურაში AI სისტემების, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტის, დანერგვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ფუნდამენტური უფელებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი ნორმების შემუშავება, რომლებიც ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე პრიორიტეტს მიანიჭებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან და სანდო გამოყენებას, შექმნიან მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმებს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად," - აღნიშნა პროფესორმა, დოქტორმა ხათუნა ბურკაძემ.

 

„საბოლოო ჯამში, სახელმწიფოთა მომავალი წარმატება დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, აქტიურად განავითარონ ციფრული გარემო და არ შემოიფარგლონ მხოლოდ  ტექნოლოგიურ ცვლილებებზე რეაგირებით. შესაბამისად, ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და მმართველობაში ნიშნავს პროაქტიულობას ოცდამეერთე საუკუნის საერთაშორისო ინოვაციური გარემოს ფორმირებაში, რაც ზრდის ქვეყნის როლსა და მნიშვნელობას სხვა საერთაშორისო აქტორებთან მიმართებით. თუმცა აუცილებელია ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპებით ხელმძღვანელობა და ადამიანსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების გადაჭრა ისე, რომ პროცესი ადამიანის მეთვალყურეობის მიღმა არ აღმოჩნდეს," - დასძინა პროფესორმა, დოქტორმა ხათუნა ბურკაძემ.