ხათუნა ბურკაძემ ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების შესახებ ხედვა წარადგინა

27 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „სამართალი ხელოვნური ინტელექტის ერაში“ მოხსენება წარადგინა AI-ის სამართლებრივი რეგულირების ახალი სტანდარტების შესახებ. საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მიერ.

 

ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა სამართლებრივი ჩარჩოების რეკონცეპტუალიზაციაზე ალგორითმულ ეპოქაში. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის მართვისათვის ნორმატიული საფუძვლების შექმნის აუცილებლობაზე.

 

“ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი აყალიბებს ადამიანის უფლებების დაცვისა და რისკზე დაფუძნებულ მიდგომებს. ერთი ემსახურება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ხოლო მეორე განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტის ტიპებს როგორც დაუშვებელი რისკის აკრძალვისათვის, ასევე მაღალი რისკის შემცველი სისტემების სათანადოდ სამართავად. ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციაც მოითხოვს რისკების   იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებას ან მინიმიზაციას. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სისტემების მზარდი განვითარების, „ჰუმანოიდი“ რობოტების შესაძლებლობების გაფართოებისა და სუპერინტელექტის შექმნისკენ სწრაფვის ფონზე, არსებული რეგულაციების ხელახლა გაანალიზება ინოვაციური სამართლებრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად იქცევა. მით უფრო გლობალურ დონეზე,“ - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

 

„თანამედროვე იურისპრუდენცია ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციის მხარდაჭერაზე. ამავდროულად, მოქმედი და ახალი რისკების სათანადო მართვისათვის აუცილებელია  სუპერინტელექტის განვითარებისა და მომავალში დანერგვის ყველა ეტაპზე თითოეული მხარის პასუხისმგებლობა მკაფიოდ განისაზღვროს. სანდო სუპერინტელექტის შექმნა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ პროცესის მოქცევას, სამართლიანობას, სამართლის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებების დაცვას,  გამჭვირვალობას,  რისკების შემცირებისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.  ეს პროცესი განაპირობებს ციფრულ სამყაროში ადამიანსა და ხელოვნურ, სუპერინტელექტს, ციფრულ თანამშრომლებს შორის ახალი, განსხვავებული მასშტაბის ინტერაქციის ჩამოყალიბებას, რაც მთლიანად შეცვლის გასულ საუკუნეში განვითარებულ მიდგომებს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.