ფსიქო-სოციალური სერვისი

28 სექტემბერი 2019

27 სექტემბერს, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში არსებული ფსიქო-სოციალური სერვისის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდენენ.

 

სერვისი მესამე წელია ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ერთწლიან მოხალისეობრივ  საქმიანობას სთავაზობს. წელს პროექტს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოც დაემატა.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფსიქო-სოციალური სერვისის მიერ დასაქმებულია კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის 5 კურსდამთავრებული ანუკა ხაფავა, ლიზი გოგიძე, ელენე სვანიძე, მზიკო უბილავა და მარიამ შუხოშვილი.

 

ფსიქო-სოციალური სერვისი ზრუნავს კლინიკაში ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე, მუშაობს ბავშვთან უშუალოდ პროცედურების დროს და ჰოსპიტალიზაციის პერიოდში ძირითადად თამაშით თერაპიის მეთოდს იყენებს. თამაში, როგორც უნივერსალური მეთოდი ბავშვთან კომუნიკაციისას, საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სტრესისა და ტკივილის დონე კლინიკაში ყოფნის პერიოდში.

 

შემოთავაზება შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გაიარონ პრაქტიკა, გაეცნონ საინტერესო შემთხვევებს და დააკვირდნენ ფსიქოლოგების მუშაობას სხვადასხვა განყოფილებაში. თერაპიის ფარგლებში, ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულმა ლიზი გოგიძემ, ციციშვილის სახელობის კლინიკაში კედელი მოხატა.

 

პროგრამა ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტსა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.