4 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტის „ღვინისა და კულინარიული ტურიზმის განვითარება განათლების, ინოვაციისა და თანამშრომლობის გზით“ (GastroTour) კონსორციუმის სამუშაო შეხვედრის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და სასწავლო მოდულების პილოტირების შედეგები. ასევე განიხილეს პროექტის ფინანსური საკითხები, სამომავლო აქტივობები და დაგეგმილი სასწავლო ვიზიტები. შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის დათვალიერებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 2-3 ნოემბერს პროექტის პარტნიორებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კახეთის რეგიონში გასტრონომიისა და მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას, მიღწევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
GastroTour-ის პროექტი მიზნად ისახავს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის სფეროში განათლების განვითარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
