გივი ადამიას აკადემიური მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

5 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გივი ადამია, 20-24 აპრილს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით იმყოფებოდა Pavol Jozef Šafárik-ის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (სლოვაკეთი).

 

მობილობის ფარგლებში, გივი ადამიამ ჩაატარა ლექციების სერია თემაზე: „ენერგეტიკული ბაზრების რეგულაცია, კონკურენცია და სამართლებრივი რისკები ევროკავშირში“. ლექციები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ენერგეტიკული სექტორის რეგულირების მოდელები, კონკურენციის სამართლის როლი ლიბერალიზებულ ენერგეტიკულ ბაზრებზე, საბაზრო ძალაუფლების შეფასება და სხვა.

 

სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების განხილვას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის ენერგეტიკის ბაზრების ფუნქციონირებისა და ევროპული კონკურენციის სამართლის მიმართულებით. ლექციებს ესწრებოდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე აკადემიური პერსონალი.

 

მობილობის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, რაც მიზნად ისახავდა სამომავლო აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განვითარების პერსპექტივების განხილვას.

 

Erasmus+ პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს განათლების, სწავლებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას და ცოდნის გაზიარებას პარტნიორ ინსტიტუციებს შორის.

 

აღნიშნული მობილობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და საერთაშორისო აკადემიური ქსელების გაძლიერების მიმართულებით.