კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის შეხვედრა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

3 მარტი 2026

27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს დაინტერესებულ მხარეებთან დაგეგმილი შეხვედრების სერიის ფარგლებში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო ჰაბის მიმდინარე საქმიანობის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

 

მწვანე ტურიზმის ჰაბი ფუნქციონირებს Erasmus+ პროექტის – ENRICHERHUBS – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს მდგრადი და მწვანე ტურიზმის მიმართულებით კომპეტენციების გაძლიერებას. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული ეტაპები, ჰაბის ფუნქციები და განვითარების ხედვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰაბის როლს აკადემიურ და ბიზნეს სექტორებს შორის ეფექტიანი კავშირის გაძლიერებაში, სტუდენტთა პრაქტიკულ ჩართულობას რეალურ ბიზნეს-გამოწვევებზე მუშაობის პროცესში და ერთობლივი პროექტების, ტრენინგებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობებს.

 

დისკუსიის დროს მონაწილეებმა განიხილეს ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევებიც — ბაზრის ცვალებადი მოთხოვნები, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება და სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების გზები. ასევე იმსჯელეს ჰაბთან თანამშრომლობის შესაძლო ფორმატებზე, მათ შორის თემატური შეხვედრების, ფორუმებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჰაბის როლზე, როგორც აკადემიასა და ბიზნესს შორის დამაკავშირებელ პლატფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული კადრების მომზადებას და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებას. ასევე განიხილეს ჰაბის საკონსულტაციო საქმიანობის განვითარების პერსპექტივები და პარტნიორული მოდელების ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზებას ტურიზმის სექტორისთვის.

 

შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა აკადემიურ სივრცესა და ტურიზმის ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა და წარმოაჩინა მწვანე ტურიზმის ჰაბი, როგორც თანამშრომლობაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის პრაქტიკაში გადატანას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მდგრადი ტურიზმის ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.