ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის

6 აგვისტო 2020

6 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას კავკასიის უნივერსიტეტის და  უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნულ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
 
შეთანხმება სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს, მათი თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებად ჩამოყალიბებას და იმ გამოწვევების დაძლევაში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც არსებობს სამხედრო საქმის პოპულარიზებისა და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
 
გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციების, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიების, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
 
ხელისმოწერის ცერემონიაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.