კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის, ერეკლე პირველის ახალი სტატია გამოქვეყნდა Emerald-ის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში Social Responsibility Journal (Scimago Q1, CiteScore: 7.4) — კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კვლევის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოცემაში.
სტატიის სრული სათაურია: „გენდერული პერსპექტივები ევროპული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების უკუკავშირში" ("Gendered perspectives in European sustainability reporting standards feedback"). კვლევა ეხება ევროპის კომისიის მიერ ჩატარებულ საჯარო კონსულტაციას ევროპული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტებზე (ESRS) და სვამს კითხვას: განსხვავდება თუ არა ლობიზმის შინაარსი მონაწილეთა გენდერის ჭრილში?
კვლევაში გაანალიზებულია 276 უკუკავშირის დოკუმენტი (თითქმის 675,000 სიტყვა), რომლებიც წარდგენილ იქნა 2023–2024 წლებში. გამოყენებულია შერეული მეთოდოლოგია: სიხშირული სტატისტიკა, ქი-კვადრატის ტესტები, ლოგისტიკური რეგრესია და ლექსიკური ანალიზი WordSmith Tools 9.0 პროგრამით.
კვლევის მთავარი დასკვნა: გენდერი არ ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას წარდგენილი ტექსტების რაოდენობრივ და შინაარსობრივ მახასიათებლებზე. კაცები და ქალები იყენებენ მსგავს ტექნიკურ ენას, სიტყვათა სტრუქტურებს, კოლოკაციებსა და თემატურ კლასტერებს. ეს მიუთითებს ESRS-ის კონსულტაციის პროცესის მაღალ ინსტიტუციურ ლინგვისტურ ჰომოგენიზაციაზე - ე.ი. ტექნიკური და ინსტიტუციური ნორმები გენდერულ ინდივიდუალურ ვარიაციაზე უფრო ძლიერია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა: ქალები თანაბრად არიან წარმოდგენილნი EU-ს მდგრადობის სტანდარტების ჩამოყალიბებაში - რაც ათწლეულების ლობიზმის ლიტერატურის პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვანი გადახრაა.
კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSF) მიერ.
სტატია მომზადებულია ესპანელ თანაავტორებთან ერთად — პროფ. Esther Ortiz-Martínez და პროფ. Salvador Marín-Hernández.
სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ.
