27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიხსნა საქართველოში პირველი კვანტური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის განვითარებას.
ლაბორატორიის კვლევითი ბაზა მოიცავს:
- სამეცნიერო და სამრეწველო დანიშნულებისთვის, USB კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებსა (QRNG) და პორტატულ კვანტურ მოწყობილობებს;
- QRNG PCIe ბარათებს;
- გვერდითი არხების თავდასხმების (Side - channel attacks), ChipWhisperer პლატფორმებს ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოების ანალიზისთვის საჭირო აპარატურას;
- მძლავრ სერვერებს;
- კომერციულ Quantis Appliance შემთხვევითი რიცხვების გენერატორებს
- სპეციალიზირებულ სერვერებსა და სატესტო მოწყობილობებს პოსტ - კვანტური კრიპტოგრაფიის კვლევისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდა 150-მდე დაინტერესებული პირი, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელები, აკადემიური სექტორის თანამშრომლები საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან.
ლაბორატორია გაიხსნა Erasmus+ის პროექტის SECURE-ის ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, რომლის რეგიონული ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, SCSA-ს პრეზიდენტი - მაქსიმ იავიჩი.
