ზურაბ ბრაგვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია

6 მაისი 2025

5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კრებულის - იბერია-კოლხეთის არქეოლოგიის საკითხები - პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ეძღვნება ცნობილი ქართველი არქეოლოგისა და ისტორიკოსის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ბრაგვაძის ხსოვნას.

 

ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა ბატონი ზურაბის შვილი დავით ბრაგვაძე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. ხოლო გოდერძი ნარიმანიშვილმა, არქეოლოგმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და დავით ნატროშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ისაუბრეს ზურაბ ბრაგვაძის სამეცნიერო საქმიანობის და მისდამი მიძღვნილი კრებულის შესახებ.


კრებულში თავმოყრილია 34 ავტორის 22 სამეცნიერო სტატია, რომელიც ეძღვნება იბერიისა და კოლხეთის არქეოლოგიის პრობლემებს. კრებულში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები წარმოადგენენ, როგორც ქართულ ისე უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, როგორებიცაა:


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;  საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი (ქუთაისი, საქართველო); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილება (ბერლინი, გერმანია); საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (ლიონი, საფრანგეთი); კა’ფოსკარის უნივერსიტეტი (ვენეცია, იტალია); სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი (ერევანი, სომხეთი).

 

სამეცნიერო სტატიების გარდა, კრებულს თან ერთვის ზურაბ ბრაგვაძის ბიოგრაფია, ასევე ბიბლიოგრაფია, ფოტოალბომი და მოგონებები მის შესახებ.


ზურაბ ბრაგვაძე 2023 წლის 29 ნოემბერს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2024 წლის 2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიხსნა მისი სახელობის აუდიტორია (A17).