საჯარო ლექცია - „მონასტერი - თანამედროვე კლინიკის სათავე: ქრისტიანობის სოციალური იდეალები“

13 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია - „მონასტერი - თანამედროვე კლინიკის სათავე: ქრისტიანობის სოციალური იდეალები“.

 

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.

 

ისტორიული რეტროსპექტივა ცხადყოფს, რომ ეკლესია საქართველოში არა მხოლოდ სულიერების კერას, არამედ სოციალური და სამედიცინო სერვისების უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის იდეამ საფუძველი სწორედ 17 საუკუნის წინ, სამონასტრო სასნეულოებში ჩაუყარა, სადაც მკურნალობა უფასო, ყველასთვის ღია და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული იყო.

 

ლექციაზე განხილული იქნა ეკლესიის ფუნდამენტური როლი პირველი სამედიცინო ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და იმ სოციალური პასუხისმგებლობის მოდელის შექმნაში, რომელიც თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების პროტოტიპად იქცა.

 

პროფესორმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პარადიგმულ ცვლილებას: ანტიკური სამყაროსგან განსხვავებით, სადაც სამედიცინო დახმარება ხშირად ელიტარული და ფასიანი იყო, ქრისტიანობამ დაამკვიდრა ჯანდაცვის დემოკრატიზაციის პრინციპი. მკურნალობა გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის, განურჩევლად სოციალური სტატუსის, ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა.

 

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც აუდიტორიას საშუალებას აძლევდა, ჩართულიყო დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღო.