სემინარების ციკლი ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის საკითხებზე კავკასიის უნივერსიტეტში

28 ოქტომბერი 2026

22, 26 და 27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ასოციაცია „ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცესთან“ თანამშრომლობით, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარების ციკლს უმასპინძლა.

 

სემინარებს უძღვებოდნენ ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები - ოლივიე დუვილი და კატრინ სალადენი, რომლებმაც მონაწილეებს ფსიქოანალიტიკური თეორიისა და კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

 

პირველი სემინარი ჩაატარა ოლივიე დუვილმა, ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა და ანთროპოლოგმა. მისი მოხსენება შეეხებოდა ტრანსფერის თავისებურებებს ფსიქოზის დროს და უნგრული ფსიქოანალიტიკური სკოლის წვლილს ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის განვითარებაში. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას, ჰალუცინაციასა და ფსიქოზს შორის არსებულ კავშირებზე.

 

მეორე სემინარი, ასევე ოლივიე დუვილის მონაწილეობით, ბავშვთა აუტიზმისა და ინფანტილური ფსიქოზის საკითხებს დაეთმო. მომხსენებელმა მიმოიხილა აუტიზმის, როგორც დიაგნოსტიკური კატეგორიის, ჩამოყალიბების ისტორია, მისი კლინიკური და თეორიული საფუძვლები. ამასთან, ისაუბრა იმ ფსიქიატრებისა და ფსიქოანალიტიკოსების მნიშვნელოვან წვლილზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აუტიზმის გაგებისა და დიფერენციალური დიაგნოსტიკის განვითარებაზე.

 

სემინარების ციკლის მესამე შეხვედრას უძღვებოდა ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი კატრინ სალადენი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ფსიქოანალიზის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ფსიქოანალიზის განვითარებაში.

 

მისი მოხსენება ბავშვებთან ფსიქოანალიტიკური თერაპიის მეთოდოლოგიას, თეორიულ საფუძვლებსა და კლინიკურ პრაქტიკას მიეძღვნა. მომხსენებელმა განხილული საკითხები საკუთარი კლინიკური პრაქტიკიდან წარმოდგენილი მაგალითებით გაამდიდრა, რამაც მონაწილეებს თეორიული მიდგომების პრაქტიკული ასპექტების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

 

სემინარების ციკლი კავკასიის უნივერსიტეტისა და ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაზიარებას, თეორიული დისკუსიის ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას.

 

სემინარების ციკლი 2027 წლის სასწავლო სემესტრშიც გაგრძელდება.