ტექნოპარკის სტარტაპ ინკუბატორის 2025 დემო დღე

26 დეკემბერი 2025

22 დეკემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიმართა ტექნოპარკების სტარტაპ ინკუბატორის დემო დღე, რომელიც პროექტის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა და გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით შერჩეული სტარტაპები, ინვესტორები, მენტორები და ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე გუნდებმა წარადგინეს საკუთარი იდეების განვითარების შედეგები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვა.

 

სტარტაპ ინკუბატორი წარმოადგენდა მასშტაბურ პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება. პროექტი განხორციელდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით.

 

პროგრამის მთავარი ამოცანა იყო ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების მხარდაჭერა - მათთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და რესურსების მიწოდება, ბიზნეს იდეების დახვეწა და ბაზარზე წარმატებული პოზიციონირების ხელშეწყობა. 

 

პროექტი განხორციელდა სამ ძირითად ფაზად. პირველ ეტაპზე განხორციელდა სტარტაპების შერჩევა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 9 ტექნოპარკში. შერჩევის პროცესში შეფასდა იდეების ინოვაციურობა, გუნდის კომპეტენცია და მასშტაბირების შესაძლებლობები. შედეგად, პროგრამაში 36 სტარტაპი შეირჩა.

 

მეორე ეტაპზე შერჩეულმა გუნდებმა გაიარეს ინტენსიური ინკუბაციის პროცესი, რომელიც მოიცავდა თემატურ სასწავლო სესიებს, ინდივიდუალურ მენტორობას, დარგობრივ კონსულტაციებსა და პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს. თითოეულ სტარტაპს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო პერსონალიზებული მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით -  ბიზნეს მოდელის განვითარებიდან დაწყებული, პროდუქტის ბაზარზე გატანით დასრულებული.

 

დასკვნით ეტაპზე გაიმართა დემო დღე, სადაც ინკუბატორის მონაწილე 26 სტარტაპმა ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინა საკუთარი პროგრესი, მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების გეგმები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინვესტორები, პარტნიორი ორგანიზაციები და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, რაც მონაწილე გუნდებისთვის მნიშვნელოვანი  კავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობად იქცა.

 

დემო დღის ფარგლებში ასევე გაიმართა ორი საერთაშორისო აქსელერატორის - Startupbootcamp-ისა და Plug and Play-ის პრეზენტაცია. აღნიშნული აქსელერატორები 2026 წლიდან საქართველოში განახორციელებენ აქსელერაციის პროგრამებას, ხოლო ტექნოპარკის ინკუბატორი მათთვის ერთგვარ პლატფორმად იქცა ადგილობრივი სტარტაპების გამოვლენისა და განვითარების მხარდასაჭერად.