გაიცანით კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეშვიდე ნაკადის მონაწილე სტარტაპები და მათი ინოვაციური იდეები!
- ALL access
- KORPUS
- PAIGO
- SilkHire
- Verax
- TerraMind
- Vailo
მეშვიდე ნაკადში მონაწილეობს 7 სტარტაპ გუნდი, რომლებიც საკუთარ იდეებს დემო დღეზე წარადგენენ. გუნდები დაკომპლექტებულია კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სკოლის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn მიზნად ისახავს უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს.
ALL access არის ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს თანამშრომლების შენობაში დაშვების კონტროლსა და სამუშაო დროის აღრიცხვას. პლატფორმა კომპანიებს საშუალებას აძლევს, მართონ კარებზე წვდომა, სამუშაო ცვლები, დასწრება და შვებულებები. თანამშრომლები სამუშაოზე მისვლას ტელეფონით აფიქსირებენ, ხელმძღვანელები კი დაგეგმილ და რეალურად ნამუშევარ საათებს ადარებენ.
KORPUS არის საცხოვრებელი კორპუსების მართვისა და კომუნიკაციის ციფრული პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მობინადრეებს, კორპუსის თავმჯდომარეებსა და მმართველ კომპანიებს. პლატფორმა ამარტივებს შენობაში დაშვების მართვას, გადახდებს, კენჭისყრას, პრობლემების დაფიქსირებასა და ინფორმაციის გაზიარებას, რაც საცხოვრებელი გარემოს მართვას უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის.
PAIGO არის დაცული ტერიტორიებისთვის შექმნილი მრავალენოვანი ციფრული გიდი, რომელიც ვიზიტორებს ბილიკებზე გადაადგილებისას შემეცნებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების წესების დაცვაში ეხმარება.
SilkHire არის ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიებსა და ფრილანსერებს აკავშირებს. კომპანიებს შეუძლიათ სწრაფად მოიძიონ კვალიფიციური სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში, ფრილანსერებს კი მიიღონ წვდომა რეალურ პროექტებსა და სამუშაო შესაძლებლობებზე. SilkHire ერთ სივრცეში აერთიანებს სპეციალისტების მოძიების, კომუნიკაციისა და გადახდის პროცესებს, რაც თანამშრომლობას უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის.
Verax არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელიც ავტომატურად ამოწმებს კლინიკებისა და აფთიაქების ანგარიშებს, ადარებს მათ სადაზღვევო პოლისის პირობებს და ავლენს შეუსაბამობებს. სისტემა ხელს უწყობს დაუსაბუთებელი ხარჯებისა და ზედმეტი ანაზღაურების თავიდან აცილებას, ამცირებს ექსპერტების დატვირთვას და დავებს სამედიცინო დაწესებულებებთან.
TerraMind არის აგროტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ფერმერებს ნიადაგის ანალიზსა და სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. სტარტაპი ავითარებს ჭკვიან მოწყობილობას, რომელიც აფასებს ნიადაგის მდგომარეობას და ფერმერებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შერჩევაში ეხმარება. მისი მიზანია რესურსების ეფექტიანი გამოყენება და პროდუქტიულობის გაზრდა.
Vailo არის ციფრული პლატფორმა, რომელიც სამსახურის მაძიებლებს კონკრეტულ ვაკანსიებზე მორგებული CV-ის შექმნასა და სამუშაოს მოძიებაში ეხმარება. პლატფორმა აანალიზებს ვაკანსიის მოთხოვნებს, განსაზღვრავს CV-ში არსებულ ხარვეზებს და ეხმარება კანდიდატებს საკუთარი გამოცდილებისა და უნარების უკეთ წარმოჩენაში.
