ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება

16 აპრილი 2024

15 აპრილს, 16 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გახსნა პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება.

 

ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ანდრიუს კალინდრამ  ქართულ ენაზე მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ისაუბრა ენის სიღრმისეულად ცოდნის მნიშვნელობაზე; გამოთქვა იმედი, რომ სულ მალე, ქართული ენაც გახდება ევროპული ენების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რაც უკეთ შეუწყობს ხელს მის განვითარებასა და დაცვას. ღონისძიებას ესწრებოდნენ: შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანნა ლიბერგი, მეცნიერები შვედეთიდან, თურქეთიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და სხვა საპატიო სტუმრები.

 

პროექტის ავტორმა, პროფ. მარიამ მანჯგალაძემ ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვის შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილია ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, სამეცნიერო თუ შემეცნებითი ღონისძიებების, ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონური შეხვედრების, ვიქტორინების და სხვ. ჩატარება. მან საზოგადოებას წარუდგინა უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ანგარიში.

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ გადაეცა შვედ ენათმეცნიერს - მალმეს უნივერსიტეტის პროფესორ კარინა ვამლინგს ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის. პროფესორმა ვამლინგმა მოკლედ მოუთხრო საზოგადოებას იმ კვლევებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მან განახორციელა წლების განმავლობაში და გამოხატა მადლიერება საპატიო ჯილდოს გადაცემისათვის.

 

  • ეთერ თათარაიძის ახალი პოეტური კრებული - „ტაო-კლარჯეთს როცა მი’ვლ“ - საზოგადოებას წარუდგინა პროფ. მარიამ მანჯგალაძემ. პოეტმა, მკვლევარმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გულითადად გაიხსენა ექსპედიციის დღეები ტაო-კლარჯეთში და წაიკითხა ლექსები ახალი კრებულიდან. წიგნის მომზადება უზრუნველყო კავკასიის უნივერსიტეტმა და გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით.

 

  • შედგა დოკუმენტური ფილმის „ტიფლისს გედეცით სალამი“ ჩვენება (ავტორები: დეა ბაძაღუა და ნანუკა კოხოძე)

 

  • მოვისმინეთ აკადემიკოს მზექალა შანიძის ვიდეომიმართვა სტუდენტებისადმი;

 

  • სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში „ენა, კულტურა, საზოგადოება“, მართლწერის კონკურსსა და ვიქტორინაში მონაწილე სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს - სასწავლო ვაუჩერები 2000, 1500 და 1000 ლარის ოდენობით. დიალექტოლოგიურ ვიქტორინაში გამარჯვებულ სტუდენტებს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ გადასცა საჩუქრები ლიეტუვის საელჩოსა და ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით.

 

  • საზოგადოებამ დაათვალიერა გამოფენა: სტუდენტთა და „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ წევრთა კალიგრაფიული ნიმუშები და ექსპედიციის „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“ ამსახველი ფოტოები.

 

  • ღონისძიების დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

 

პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ მხარდამჭერები:

 

  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
  • ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მხარდამჭერთა კომიტეტი
  • ლიეტუვის საელჩო საქართველოში
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტი