ქირურგიული უნარების ინტენსიური ტრენინგი

16 ნოემბერი 2026

31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს  Surgical Skills Centre-ის მიერ ორგანიზებულ  ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგში - Surgical Skills Immersion, რომელიც ზოგადი, პლასტიკური, ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული და კარდიოქირურგიული მიმართულებების საკითხებს აერთიანებდა.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ ორთოპედიული ქირურგი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ზუკა ტყეშელაშვილი და  ზოგადი ქირურგი, ასისტენტ-ქირურგი პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში ქეთევან კეკუტია.

 

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა გაიღრმავეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკულად იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან უნარებზე, როგორებიცაა:

 

  • ძირითადი ქირურგიული და ესთეტიკური ნაკერების დადება, ქსოვილებთან ზუსტი და ფრთხილი მუშაობა;
  • ტრავმული დაზიანებების შეფასება და ქირურგიული გადაწყვეტილებების მიღების პრინციპები;
  • სახსრის ჩანაცვლებისა და რეკონსტრუქციული ორთოპედიის საფუძვლები.

 

მეორე დღე სრულად დაეთმო კარდიოქირურგიას. ბიოლოგიურ მასალაზე მუშაობისას მონაწილეებმა შეისწავლეს გულის ანატომია, ქირურგიული მიდგომები, გულის ქსოვილზე ნაკერების დადებისა და სისხლძარღვოვანი ანასტომოზის ტექნიკა. ასევე გაეცნენ კორონარული შუნტირების პრინციპებს, ქირურგიულ ინსტრუმენტებსა და საოპერაციო გუნდის მუშაობის პროცესს.

 

ტრენინგმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკასთან დაეკავშირებინათ, განევითარებინათ ტექნიკური უნარები და უკეთ გაეაზრებინათ ქირურგის საქმიანობის სიზუსტე და პასუხისმგებლობა.