23-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებმა უახლესი კვლევები და აქტუალური სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ წარადგინა მოხსენება "სამონასტრო მედიცინა და ჯანდაცვის ეთიკური მატრიცა: ქრისტიანული ანთროპოლოგიიდან თანამედროვე სოლიდარობის პოლიტიკამდე".
მოხსენების რამდენიმე საკვანძო აქცენტი:
- თანამედროვე ჰოსპიტალური სისტემა არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, არამედ ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნაყოფია, სადაც ავადმყოფზე ზრუნვა პიროვნული ღირსების აღდგენას ნიშნავს.
- ჯერ კიდევ IV საუკუნეში, წმინდა ბასილი დიდის „ბასილიადამ“ და ნიკეის კრების გადაწყვეტილებებმა საფუძველი ჩაუყარა სოციალური სოლიდარობის მოდელს,
- მედიცინა ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებრივი სიკეთე სამონასტრო „ქსენონებისა“ და „ნოსოკომიონების“ ბაზაზე.
- ქართული სამონასტრო ტრადიცია (მაგალითად, ივერთა მონასტრის ქსენონები) ამ გლობალური პროცესის ორგანული ნაწილია. ქართული მონასტრები არ იყო მხოლოდ ლოცვის ადგილი - ისინი ორგანიზებული სოლიდარობის პირველ პრეცედენტებს წარმოადგენდნენ.
- დღეს, როდესაც ჯანდაცვა ხშირად მხოლოდ საბაზრო ლოგიკამდე დადის, უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს მისი აქსიოლოგიური ფუნდამენტი – მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე და არა მხოლოდ სერვისი.
კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი.
