კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფ. ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით შედგენილმა პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 472-მა პროექტმა, რომელთა შეფასება ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) მიერ განხორციელდა. დასაფინანსებლად შეირჩა 111 პროექტი.
პროექტის სახელწოდება: „რუსეთის სტრატეგიული უცხოური კაპიტალის გავლენა ქართული კომპანიების მდგრადობაზე“
წინამდებარე კვლევითი პროექტის მიზანია შეისწავლოს რუსეთის სტრატეგიული უცხოური კაპიტალის გავლენა კორპორაციული მდგრადობის გამჭვირვალობაზე საქართველოში ეკონომიკაში, რომელიც ხასიათდება გეოპოლიტიკური მოწყვლადობით და სტრატეგიულ სექტორებში კონცენტრირებული უცხოური კაპიტალით. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური კაპიტალი ხშირად ასოცირდება კორპორაციული გამჭვირვალობის ზრდასთან, ეს კავშირი ხშირად ნაკლებად არის კრიტიკულად გაანალიზებული. ჩვენი პროექტი ამტკიცებს, რომ უცხოური კაპიტალის ეფექტი დამოკიდებულია ინვესტორის ბუნებასა და მოტივაციაზე. სტრატეგიული უცხოური კაპიტალი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, შესაძლოა აქცენტს აკეტებდეს არა გამჭვირვალობის ზრდაზე, არამედ კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, რაც საფრთხეს უქმნის მდგრადობის ანგარიშგების პრაქტიკას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება უნიკალური, ხელით შეგროვებული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოში საჯაროდ განთავსებულ კომპანიებსა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებზე (სდპ-ების) 2018–2027 წლების პერიოდში. ფინანსური მონაცემები ამოღებული იქნება აუდიტირებულ წლიური ანგარიშებიდან, მდგრადობის შესახებ ინფორმაცია - მენეჯმენტის ანგარიშების დეტალური შინაარსობრივი ანალიზიდან, კორპორაციული მართვის მონაცემები — საქართველოს იურიდიული პირების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური რეესტრიდან, ხოლო დამატებითი კომპანიის დონეზე ინფორმაცია - სარასის ოფიციალური პორტალიდან. მდგრადობის გამჭვირვალობის ქულები ხელით კოდირდება ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მიხედვით. ანალიზისთვის გამოყენებული იქნება მძლავრი ეკონომეტრიკული მეთოდები, მათ შორის ჩვეულებრივი უმცირესი კვადრატების მეთოდი (OLS), გენერალიზებული უმცირესი კვადრატების მეთოდი (GLS) და დინამიკური პანელური მოდელები, ფირმისა და წლის ფიქსირებული ეფექტების გათვალისწინებით.
სტრატეგიული უცხოური კაპიტალის კონცეფციის კვლევაში ინტეგრირებით, პროექტი ეჭვქვეშ აყენებს დომინანტურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც უცხოური კაპიტალი უნივერსალურად აძლიერებს გამჭვირვალობას. პროექტი წარმოადგენს დროულ ემპირიულ მტკიცებულებას პოსტ-საბჭოთა გარდამავალ ეკონომიკაში, რომელიც რუსეთის კაპიტალზე მზარდი დამოკიდებულებით ხასიათდება. პროექტის შედეგები მიზნად ისახავს აკადემიური დისკურსის გამდიდრებას, რეგულაციების სრულყოფას კორპორაციული გამჭვირვალობის მიმართულებით და ეროვნული დიალოგის წახალისებას აკადემიურ წრეებში, პოლიტიკის შემმუშავებლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ცოდნის გადაცემისა და უნარების გაძლიერების ღონისძიებებით, პროექტი ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მდგრადობის კვლევითი ეკოსისტემის განვითარებაში.
- ბიუჯეტი: 180 000 ლარი
- ხანგრძლივობა: 3 წელი
- შეფასება: 47 ქულა (50-დან)
გუნდის შემადგენლობა:
- ხელმძღვანელი: პროფ. ერეკლე პირველი, ფინანსებისა და მდგრადი ანგარიშგების ექსპერტი; კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო;
- მკვლევრები: პროფ. ტიმურ უმანი, კორპორატიული მმართველობის საკითხების ექპსერტი; იონქოფინგის უნივერსიტეტი, შვედეთი; პროფ. ვახტანგ ფარცვანია, რუსეთის კონტექსტის ექპსერტი; კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო;
- კონსულტანტი: ბ-ნი პოლ თომფსონი, მდგრადი რეპორტინგის ექსპერტი, მსოფლიო ბანკის კონსულტანტი
