მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - გამოწვევები და პერსპექტივები“

21 ნოემბერი 2025

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.

 

კონფერენცია გახსნა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში - იესპერ მოლერმა. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში - სვეტისლავ პანოვიცი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში, პროკურორი - ჩარლზ შმიტსი, არასრულწლოვანთა მოსამართლე შვეიცარიიდან, საერთაშორისო ექსპერტი ბავშვის უფლებებში, არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) გამგეობის წევრი, სამართლის დოქტორი - ურსინა ვეიდკუნი.

 

კონფერენციამ მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსენებები გააერთიანა და მიეძღვნა ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.

 

კონფერენციაზე, ქართველ პროფესიონალებთან ერთად, საინტერესო მოხსენებები წარადგინეს: არასრულწლოვანთა მოსამართლემ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ - რენატე ვინტერმა, ამსტერდამის სასამართლოს არასრულწლოვანთა მოსამართლემ - რეინ ოდინკმა, როტერდამის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, არასრულწლოვანთა მოსამართლემ, ნიდერლანდების ავანსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორმა, აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტმა - ანემიკე ვოლთისმა, უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, უკრაინის ადვოკატურის და მოსამართლეთა უმაღლესი სკოლის ლექტორმა, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა - პავლო პარხომენკომ, პარიზის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ექსპერტმა ბავშვის უფლებებში - ფატმა კოსადიამ და სხვებმა.