22–24 აპრილს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) ფარგლებში, პროექტ PROVE – „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – ჩატარდა აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგები „როგორ ვასწავლოთ ღირებულებები?“
ტრენინგის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გაცნობოდა თუ რას გულისხმობს ღირებულებითი განათლება და როგორ შეიძლება იქცეს აკადემიური შინაარსი ღირებულებების ფორმირების ინსტრუმენტად; როგორ არის შესაძლებელი გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბოს ეთიკური ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების მქონე პროფესიონალები.
პროექტი ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე, რომელიც ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) მიდგომებს. ეს არის ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას. პროექტის მიზანია ამ მიდგომის ინტეგრირება აკადემიურ პროგრამებში და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის ორგანიზაციების/უნივერსიტეტების თანამშრომლობით.
