კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალურ ასამბლეაზე

21 აპრილი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, მონაწილეობა მიიღო ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 16 - 17 აპრილს სტამბულში გაიმართა.

 

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადობის გაძლიერება. ღონისძიებამ გააერთიანა უნივერსიტეტების ლიდერები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში უმაღლესი განათლების როლსა და გამოწვევებზე.

 

დისკუსიების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობას, უნივერსიტეტების მდგრადობას ცვლილებების პერიოდში, სტრატეგიულ განვითარებასა და ეფექტიანი პარტნიორობის მოდელებს.

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საუნივერსიტეტო გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს 900-ზე მეტ უნივერსიტეტსა და 48 ევროპული ქვეყნის რექტორთა ეროვნულ კონფერენციებს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებაზე, ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების მიმართულებით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალურ და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.