საფეხმავლო ტური - „ნობელიანტები თბილისში“

22 მაისი 2026

22 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საფეხმავლო ტური - „ნობელიანტები თბილისში“.

 

ტურის მონაწილეებმა მოისმინეს ნობელის პრემიის ისტორიის, ალფრედ ნობელის ცხოვრებისა და იმ ცნობილი ნობელიანტების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ ან სტუმრობდნენ თბილისსა და საქართველოს. ტურის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი ცნობილი პიროვნებების ისტორიებს, როგორებიც არიან: ბერტა ფონ ზუტნერი, კნუტ ჰამსუნი, ფრიტიოფ ნანსენი, ბორის პასტერნაკი, ჯონ სტაინბეკი და დედა ტერეზა.

 

საფეხმავლო ტურის განმავლობაში დამსწრეებმა გაიარეს მარშრუტი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე თბილისის ისტორიულ, ტურისტულ და სამუზეუმო სივრცეებს აცოცხლებდა. მონაწილეები გაეცნენ იმ ადგილებსა და ისტორიებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ნობელიანტების საქართველოში სტუმრობასა და მათ შთაბეჭდილებებს თბილისის შესახებ.

 

ტურმა CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მსოფლიო მნიშვნელობის ნობელიანტთა თვალით დანახული პერსპექტივიდან უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ თბილისის და საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.