მეცნიერებისადმი ერთგულებისა და უკრაინელი ხალხის სიმტკიცის განსაკუთრებული მაგალითი.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია - „Care fragmentation and cardiometabolic control among adults with multimorbidity in Georgia: a multicentre cross-sectional study“ - გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Ukrainian Therapeutical Journal („Український терапевтичний журнал“), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
კვლევა ეხება საქართველოში ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების ფრაგმენტაციის პრობლემას და მის კავშირს კარდიომეტაბოლური რისკ-ფაქტორების კონტროლთან.
კვლევა ჩატარდა საქართველოს რვა სამედიცინო ცენტრში და მოიცავდა 535 პაციენტს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე ქრონიკული კარდიომეტაბოლური დაავადება აღენიშნებოდათ. კვლევის მიზანი იყო სამედიცინო მომსახურების ფრაგმენტაციასა და მკურნალობის შედეგებს შორის კავშირის შეფასება.
კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას სხვადასხვა ექიმთან, არასაკმარისი კოორდინაციის პირობებში იღებდნენ, მნიშვნელოვნად ხშირი იყო არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის არასათანადო კონტროლი. მაღალი ფრაგმენტაციის მქონე პაციენტთა 64%-ს აღენიშნებოდა არასაკმარისად კონტროლირებული კარდიომეტაბოლური რისკფაქტორები, მაშინ როდესაც დაბალი ფრაგმენტაციის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 31,3%-ს შეადგენდა.
კვლევის შედეგები მიუთითებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების, ოჯახის ექიმის როლის გაზრდისა და სამედიცინო მომსახურების უკეთესი კოორდინაციის მნიშვნელობაზე.
აღნიშნულ პუბლიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ იმ გარემოებების გამოც, რომლებშიც უკრაინელი მეცნიერები და ჟურნალის რედაქცია აგრძელებენ საქმიანობას.
სტატია გამოქვეყნდა ქვეყანაში, სადაც ომი მიმდინარეობს და ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჩვეულებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის.
როგორც პროფესორი თენგიზ ვერულავა აღნიშნავს, უკრაინული ჟურნალის რედაქციასთან თანამშრომლობა მისთვის განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ხელნაწერის განხილვისა და გამოქვეყნების პროცესში რედაქციის თანამშრომლები არაერთხელ ატყობინებდნენ, რომ საჰაერო განგაშის გამო იძულებული გახდნენ, სამუშაო შეეწყვიტათ და თავი თავშესაფრისთვის შეეფარებინათ. საფრთხის დროებით ჩაცხრომის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებოდნენ სამეცნიერო საქმიანობას.
მიუხედავად ამ უმძიმესი პირობებისა, უკრაინელი მეცნიერები და რედაქტორები აგრძელებენ სამეცნიერო ხელნაწერების განხილვას, ავტორებთან თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას.
პროფესორ თენგიზ ვერულავას შეფასებით, ეს არის არა მხოლოდ მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის, არამედ ადამიანური სიმტკიცის, ღირსებისა და მეცნიერებისადმი განსაკუთრებული ერთგულების მაგალითი.
„ჩემს სამეცნიერო საქმიანობაში არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია ყოფილა, თუმცა ამ სტატიას ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა აქვს. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებს აფარებენ თავს, შემდეგ კი სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან, კითხულობენ სამეცნიერო ხელნაწერებს, ურთიერთობენ ავტორებთან და აგრძელებენ ჟურნალის გამოცემას. ეს ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე პროფესიული პასუხისმგებლობა. ეს არის ადამიანური სიმტკიცის, ღირსებისა და მეცნიერებისადმი ერთგულების საოცარი მაგალითი. უკრაინელები მართლაც გმირი ხალხია. ისინი უმძიმეს პირობებშიც ინარჩუნებენ ცოდნის შექმნის სურვილსა და თავისუფალ სულს“, - აღნიშნავს პროფესორი თენგიზ ვერულავა.
მისი შეფასებით, ამ პუბლიკაციის განსაკუთრებულ ღირებულებას არა მხოლოდ ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო აღიარება, არამედ ის ადამიანებიც განსაზღვრავენ, რომლებიც ომის პირობებშიც არ წყვეტენ მეცნიერების სამსახურს.
პროფესორი თენგიზ ვერულავა მადლიერებას გამოხატავს ჟურნალის რედაქციის მიმართ პროფესიონალიზმისთვის, ადამიანური ურთიერთობისა და იმ თავდადებული შრომისთვის, რომელსაც უკრაინელი კოლეგები უკიდურესად რთულ ვითარებაში ეწევიან.
„ყველაზე მეტად მსურს, დადგეს დღე, როდესაც უკრაინელი კოლეგებისგან მიღებულ წერილებში აღარ წავიკითხავ სიტყვებს - ‘დაბომბვა’, ‘თავშესაფარი’ და ‘საჰაერო განგაში’. როდესაც ისინი მშვიდ გარემოში შეძლებენ მუშაობას, კვლევასა და ცხოვრებას. მშვიდობა უკრაინას!“ - აღნიშნავს თენგიზ ვერულავა.
ეს პუბლიკაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მეცნიერება სცდება სახელმწიფო საზღვრებს და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც როდესაც მას საფუძვლად უდევს ადამიანური სოლიდარობა, ურთიერთპატივისცემა და მშვიდობის საერთო ღირებულებები.
სტატიის სრული ტექსტი.
