ქართულ-ფრანგული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში

24 აპრილი 2023

20 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა 3 დღიანი ქართულ-ფრანგული საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით ნაწილს უმასპინძლა. კონფერენციაში, სახელწოდებით „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“, მონაწილეობა მიიღეს 8 ფრანგული, 5 ქართული და 2 სომხური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ჯამში 60-ზე მეტმა მკვლევარმა და მეცნიერმა. ქართული მხრიდან კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში ბუბა ლეჟავამ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია და დღევანდელობა გააცნო. ასევე, ისაუბრა იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტს ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკავშირებს. ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ევა ბერტრანმა. მან ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის სამეცნიერო კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის როლს ამ პროცესში.

 

20 აპრილს გამართულ კონფერენციაზე თემატური სექციების მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ეკონომიკის სკოლის პროფესორი ვანო ბენიძე და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი.