კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე კომუნიკაციის სფეროში სიღრმისეული ცოდნის მიღება, სტრატეგიული ხედვის განვითარება და მენეჯერული უნარების გაძლიერება. პროგრამა კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს როგორც კომუნიკაციის სფეროში უკვე დასაქმებულ პროფესიონალებს, ისე მათ, ვისაც საქმიანობის მიმართულების შეცვლა და ახალი პროფესიის შეძენა სურს.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2026–2027 აკადემიური წლიდან სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა გადავიდა 1+1 მოდელზე. ის შედგება 2 ნაწილისგან. სტუდენტს შეუძლია დაასრულოს მისი მხოლოდ პირველი ნაწილი და მიიღოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი, მეორე წელს სწავლის გაგრძელების შემთხვევაში კი მას შეუძლია მიიღოს კვლევის მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობაში და აკადემიური გზა გაიხსნას სადოქტორო პროგრამებისთვის.
რას სწავლობს სტუდენტი პირველ წელს?
სწავლის პირველ წელს სტუდენტი ეუფლება სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს და ივითარებს ორგანიზაციის საკომუნიკაციო საჭიროებების ანალიზების, მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრისა და ეფექტიანი სტრატეგიების დაგეგმვის უნარებს. ის სწავლობს კომუნიკაციის ფსიქოლოგიას, მარკეტინგულ სტრატეგიებს, ციფრულ კომუნიკაციას, ბრენდის შექმნასა და მართვას, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ორგანიზაციულ კომუნიკაციას.
პირველივე წელს სტუდენტი იძენს მენეჯერულ კომპეტენციებსაც - სწავლობს პროექტების დაგეგმვასა და მართვას, რესურსების ეფექტიანად გამოყენებას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. აკადემიური წერის კურსი კი მას არგუმენტირებული, სტრუქტურირებული და კვლევაზე დაფუძნებული ტექსტების მომზადებისთვის საჭირო ცოდნას აძლევს.
არჩევითი კურსების საშუალებით სტუდენტს შეუძლია ცოდნა გაიღრმავოს ვიზუალური, სარეკლამო, პოლიტიკური ან ინტერკულტურული კომუნიკაციის, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის, ღონისძიებების მართვის მიმართულებებით. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, გაიაროს საველე პრაქტიკა და მიღებული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოიყენოს.
რას სწავლობს სტუდენტი მეორე წელს?
მეორე წელს სწავლება უფრო მეტად კვლევით, ანალიტიკურ და სპეციალიზებულ კომპეტენციებზეა ორიენტირებული. სტუდენტი ეუფლება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, სწავლობს საკვლევი პრობლემის ჩამოყალიბებას, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, კვლევის ინსტრუმენტების შექმნასა და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში სრულყოფილი კვლევის დიზაინის შემუშავებას.
სპეციალიზებული არჩევითი კურსები სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლოს კრიზისული კომუნიკაციის მართვა, საინფორმაციო ოპერაციები და სტრატეგიული კომუნიკაცია, პროგრამული ენის გამოყენება კომუნიკაციის სფეროში და სოციოლოგიური კვლევები. მეორე ეტაპზე სტუდენტი სწავლობს რთულ საინფორმაციო გარემოში რისკების შეფასებას, კრიზისზე რეაგირების დაგეგმვასა და მონაცემებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიღებას.
პროგრამის II ნაწილის დასკვნით ეტაპზე სტუდენტი ამზადებს და იცავს სამაგისტრო ნაშრომს. ნაშრომზე მუშაობისას ის აერთიანებს პროგრამის ფარგლებში მიღებულ თეორიულ ცოდნას, კვლევით მეთოდებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას და დამოუკიდებლად იკვლევს სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს აქტუალურ საკითხს.
დასაქმება
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში, საკომუნიკაციო და სარეკლამო სააგენტოებში, მედიაორგანიზაციებსა და საერთაშორისო პროექტებში. მათ შეუძლიათ იმუშაონ სტრატეგიული და კორპორაციული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბრენდის მართვის, ციფრული კომუნიკაციის, კრიზისების მართვისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებებით.
