CU-ის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი გერმანიაში, TH Wildau-ის უნივერსიტეტში

31 ივლისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია და უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან გერმანიაში, TH Wildau-ის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა TH Wildau-ის ვიცე პრეზიდენტთან - შტეფან კუბიტცასთან.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამის მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ TH Wildau-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, კარენ შმიდტი, პროფესორები და ადმინისტრაციული პერსონალი. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია - ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა, პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი დობორჯგინიძე და პროგრამის ადმინისტრაციული დირექტორი - თათია მაისურაძე.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც სწავლების მეორე წელს გერმანიაში, TH Wildau-ში აგრძელებენ. ამასთან, დელეგაცია ესტუმრა კომპანია Fiege-ის, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას მსოფლიოში, სადაც ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გადიან სტაჟირებას და ამასთანავე მუშაობენ სამაგისტრო ნაშრომზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი, რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა.

 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის  სამაგისტრო პროგრამა უკვე მესამე წელია  წარმატებით ხორციელდება კავკასიის ტექნოლოგიების სკოლასა და TH Wildau-ს ერთობლივი თანამშრომლობით, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს.